„ის, რომ, კონტაქტის დადგენა რთულდება, ეს გარკვეულწილად არის პირველი ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს შიდაგადაცემასთან ისე, რომ ვერ მოვახერხოთ წყაროს დადგენა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბათუმში ინფიცირებულების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო ორი კვირა კრიტიკულად გადამწყვეტია, რათა ყველა კონტაქტი გამოვლინდეს.
„ბათუმის კლასტერი იმდენად გაფართოვდა, ყველა კონტაქტის მოძიება და შესწავლა ასე მოკლე პერიოდში, ბუნებრივია ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ გვაქვს ორი კვირა იმისთვის, რომ დაველოდოთ ამ კონტაქტირებულ პირებთან ინფიცირებულების გამოვლენას. ამდენად, მომდევნო ორი კვირის პერიოდი იქნება კრიტიკული იმისთვის, რომ სრულად მოხერხდეს „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევების გამოვლენა. ეს, სხვა შემთხვევებიც, სავარაუდოდ, უკავშირდება უკვე მეორად კონტაქტირებულ პირებს. ამდენად, ამას ეტაპობრივად მივყვებით. მთავარია ის, რომ ტესტირების შესაძლებლობა არსებობს და ყველა პირი, ვინც ოდნავ მაინც ეჭვს შეიტანს იმაში, რომ შესაძლოა იყოს კონტაქტი, ჩაიტაროს ტესტირება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.











