,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მგზავრების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
„18 დეკემბერს, ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველ ავიარეისს შეასრულებს. ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან. გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის საათი ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის პერიოდს, რომელიც მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ავტობუსები თბილისის, ქუთაისის და ბათუმისკენ მიმავალი მგზავრების მისამართებზე უფასოდ მიყვანას უზრუნველყოფენ“ – აღნიშნულია განცხადებაში.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, ავტობუსით მგზავრობისას, მგზავრებმა თან იქონიონ ავიაბილეთები. ხოლო თუ მგზავრი ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტრანსპორტით არ სარგებლობს, ერთჯერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზსს 144 (1)-ზე.
ასევე, კომპანია Omnibus Express-ის ბილეთებზე ვრცელდება 30%-იანი საახალწლო ფასდაკლება.
ბილეთების წინასწარ შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე: Georgianbus.com და Omnibusexpress.ge.
ქუთაისის აეროპორტში ყოფნისას, ბილეთების შეძენა მგზავრებს შეუძლიათ კომპანიების წარმომადგენლებთან.










