ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, საჯარო სკოლის შენობა და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
კასრისწყალის საჯარო სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის ინფორმაციით, საკლასო ოთახები წყლით არის სავსე.
„ძალიან დიდი წვიმა იყო. საკლასო ოთახები და პირველი სართული წყალით არის სავსე. იქნებ როგორმე გადავარჩინო სასკოლო ინვენტარი და დოკუმენტაცია, მაგრამ სადაც წყალია, ვერც კი შევდივარ. ჯერჯერობით დასახმარებლადაც არავინ მოსულა“- განაცხადა ბუღრიძემ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება დატბორილ სოფელში სალიკვიდაციო სამუშაოების დასაწყებად.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











