ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ განაცხადა, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტის ავტორიცაა.
ტყემალაძე ამბობს, რომ თვითონ პროექტში ჩართული არ არის თუმცა, აქვს ინფორმაცია რომ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტზე ჰოლანდიური კომპანია იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში (ოფიციალურად შპს ,,ინვესტ კაპიტალი”) არსებული მიტოვებული რეკრეაციული სივრცე ისევ ბიძინა ივანიშვილის „ფონდმა ქართუმ“ 60 მლნ ლარად შეისყიდა.
აღნიშნულ საკითხს თავად ფონდიც გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში არ არის საუბარი კონკრეტულად რას გეგმავს ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თუმცა აცხადებენ, რომ : „ვერანაირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას“.
ძველ იპოდრომთან დაკავშირებით თემურ ტყემალაძე გასულ წელსაც საუბრობდა:
„იპოდრომთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანი ფიქრობს და მგონი რაღაცას ამზადებს. ვიცი, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული გამწვანება დარჩება, ხოლო განადგურებული ნაწილი აღდგება. წინა პერიოდში გასხვისებულმა ტერიტორიამ დაანგრია იპოდრომი, თორემ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში რა ტერიტორიაცაა, ის ამ დრომდე ხელუხლებელია. ამ ადგილზე ხელის ხლება როგორ შეიძლებოდა, ეს არის თბილისის გული. ქალაქის ფილტვები იყო და გულზე ვარ გახეთქილი დღეს არსებული სიტუაციით, ყველგან რაღაცას აშენებენ, ამას ბოლო უნდა მოვუღოთ ესე არ შეიძლება, რადგან თბილისი არის ხეობა და ამ ზოლის დაცვას ითხოვს . იქ აშენებული ესტაკადის გამო იპოდრომის ტერიტორია გახდა ყველაზე დაბინძურებული ადგილი. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ დააქუცმაცეს ეს ადგილები და ეს ფრაგმენტაცია არის დამღუპველი ყველასთვის“, – აცხადებდა თემურ ტყემალაძე 2019 წლის ბოლოს.
ამ დრომდე ტერიტორიას შპს “ინვესტ კაპიტალი” ფლობდა, რომლის ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია. ის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”.
რაც შეეხება “ქართუ ფონდის” საქმიანობას, ფონდი რამდენიმე ძირითად სფეროს მოიცავს, ესენია: განათლება, კულტურა (მათ შორის სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელება), ქართული სპორტის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გარემოსდაცვითი ღონისძებების განხორციელება. 2018 წლის განმავლობაში ფონდის მთლიანი ხარჯები 144 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2017 წელთან შედარებით 63.8 მილიონით მეტი იყო. 2018 წელს ფონდის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ე.წ. “ვალების განულების” პროექტი იყო. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მთავრობამ ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის პროცესი განახორციელა. როგორც თავდაპირველად მათი მხრიდან დაანონსდა, ვალების განულება 600,000 მოქალაქეს შეეხებოდა და მათ 2000 ლარამდე მოცულობის ერთ წელზე მეტად ვადაგადაცილებული ვალები ჩამოეწერებოდათ. “ქართუ ფონდის” სხვა ისეთი მასშტაბურ პროექტებსაც ახორციელბს როგორიცაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ადრონული თერაპიის ცენტრი, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია.
2017 წლის სექტემბრამდე, ფონდ “ქართუს” დამფუძნებელი სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფთან” ერთად ფიზიკური პირი, ბენინის მოქალაქე, გბეგო ტოსა აოგნიბო ჟილბერი იყო.
„დამფუძნებელმა, ფიზიკურმა პირმა Gbego Tossa Ahognibo Gilbert-მა ნებაყოფლობით დატოვა ორგანიზაცია 2017 წლის 31 დეკემბრისთვის. ამ ეტაპზე ფონდის ერთადერთ დამფუძნებელს წარმოადგენს სს “ქართუ ჯგუფი”, – ნათქვამია დოკუმენტში.
თავად „ქართუ ჯგუფის“ მესაკუთრეთა სია კი, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიისგან შედგება. მეწილეთა სრული სია ასეთია:
• Krista Investments – 48.324%;
• Sargans limited – 45.353%;
• Tarpan – 1.092%;
• Agroservice LLC – 4.243%;
• Interinvest LLC – 0.988 %.
ჯგუფის საბოლოო ბენეფიციარი, მესაკუთრე ანგარიშგების მიხედვით, უტა ივანიშვილია.
წყარო: „კომერსანტი“











