პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ დახურულ სივრცეში პირბადის გამოუყენებლობაზე პირველ შემთხვევაში გაფრთხილება უნდა იყოს.
მისი თქმით, პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები არის ნაჩქარევი, მოუმზადებელი და გაუაზრებელი.
„არ შეიძლება, ასე ბიუროს სხდომაზე გადალაპარაკებით იცვლებოდეს ჯარიმის ოდენობა. ეს არის პრინციპი. არ მომწონს, რომ არ ხდება პროპორციულად გაანალიზება, რა ჯარიმა არის ადეკვატური დარღვევისთვის.
წინადადება მექნება, რომ გაფრთხილება იყოს პირველ შემთხვევაზე, რადგან შეიძლება მოქალაქემ არც იცოდეს, რომ ასეთი კანონი არსებობს, ისე სწრაფად ხდება კანონების მიღება, რომ ამას მოქალაქეები კი არა, დეპუტატებიც ვერ ეწევიან და კანონების წაკითხვას ვერ ასწრებენ“, – განაცხადა ბესელიამ.
რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, პირბადის ტარება ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად რჩება. პარლამენტი განიხილავს პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის დაწესებას, რომელიც სავარაუდოდ 20-30 ლარით განისაზღვრება.
პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ საჯარო სივრცეში.











