„ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, შეხვედრით მან ეკლესიის მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა.
„ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, ჩვენს პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული პატრიარქის, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ. მოგეხსენებათ, დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც არის მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ინტერესებს. როგორც მთავრობის მეთაურმა, ეკლესიას აღვუთქვი სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა, დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.











