“ლგბტ ადამიანებს არავინ ერჩის. პრობლემა დგება მას შემდეგ, როდესაც მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა იწყება”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
„ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქავას, რომ სწავლება, ეკლესიის მოწოდება არ არის ადამიანების წინააღმდეგ მოწოდება, არამედ ეს არის ცოდვის წინააღმდეგ მოწოდება. ამ ადამიანებს, ლგბტ ადამიანებს არავინ ერჩის. პრობლემა დგება მას შემდეგ, როდესაც მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა იწყება.
ამ პროპაგანდას უყურებს დიდიც, პატარაც და ძალიან დამაზიანებელია. ასე მიზჩნია მოსახლეობის უმრავლესობას. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ გადაეთელათ, პირდაპირ მოსახლეობის აზრი და აი, სამწუხაროდ, საქმე აქამდე მიიყვანეს“, – განაცხადა მამა ანდრიამ „ქრონიკაში“ პირდაპირი ჩართვისას.
შეგახსენებთ, დღეს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც “ღირსების მარშის” გამართვას ეწინააღმდეგებიან, მედიის წარმომადგენლები სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობრივი ჯგუფი თავს ესხმოდა სხვა მშვიდობიან მოქალაქეებსაც.











