პრემიერ-მინისტრის განცხადებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მედიის თვალსაზრისით საფრთხეს არ წარმოადგენს.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ მედიას არ ეხება.
„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, მედიის თვალსაზრისით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას.
ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია.
ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საია კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.











