ჯორჯ ფლოიდი და მის გარდაცვალებაში ბრალდებული პოლიციელი, დერეკ ჩაუვინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.
მათ ერთმანეთთან სიტყვიერი დაპირისპირების ისტორიაც ჰქონდათ. ამის შესახებ იმ ღამის კლუბის ყოფილმა თანამშრომელმა, დევიდ პინმა განაცხადა, სადაც ჩაუვინი და ფლოიდი ერთად მუშაობდნენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
დევიდ პინის თქმით, ორივე მათგანი ღამის კლუბის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. როგორც ის აღნიშნავს ფლოიდი და ჩაუვინი ერთმანეთს „ძალიან კარგად“ იცნობდნენ.
მათ შორის დაპირისპირების მიზეზი კი, დერეკ შოვინის განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება იყო კლუბის ერთ-ერთი მფლობელის მიმართ, რამაც უსიამოვნება წარმოშვა.
„ისინი თავებით დაეჯახნენ“, განაცხადა დევიდ პინიმ.
ფლოიდის ოჯახის ადვოკატს ჩაუვინის ბრალდების გადაკვალიფიცირება სურს. კერძოდ, ისინი მესამეს ნაცვლად, პირველი ხარისხის მკვლელობის მუხლს ითხოვენ.
ფლოიდის ოჯახს სჯერა, რომ 25 მაისის ღამეს მომხდარი ინციდენტი, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა, ნაწილობრივ პირადი მოტივით იყო განპირობებული.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ დერეკ შოვინმა დაკავების მომენტში კარგად იცოდა, თუ ვინ იყო ეჭვმიტანილი.
ღამის კლუბის მფლობელის, მაია სანტამარიას განცხადებით, ის შოვინს 17 წლის განმავლობაში უხდიდა ხელფასს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რომელსაც დერეკი კლუბის გარეთ ავტომობილში მოცდით ასრულებდა.
სანტამარიას განცხადებით, ორივე მათგანი კლუბში სამშაბათ დღეს მუშაობდა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დერეკ შოვინს პრობლემა ფერადკანიან ადამიანებთან, სანტამარია ასე პასუხობს: „ვფიქრობ, მას ეშინოდა და დაშინებული იყო“.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის ოფიცრის ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში 9 ივნისს დაკრძალეს.
ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა. აქციები ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.
რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ვაშინგტონის საოლქო საბჭომ პოლიციის რეფორმის გეგმა დაამტკიცა.
ჰიუსტონის მერმა 9 ივნისი ფლოიდის დღედ გამოაცხადა.











