ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით (მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავება მერიის თანამშრომლის დავალებით), გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას ერთდღიან ვადას აძლევენ და მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ისინი განცხადებას ავრცელებენ:
“ხელისუფლებას გონივრულ ვადას ვაძლევთ, რათა ხვალ, ჩხოროწყუში მომხდარ მარაზმზე უმკაცრესი რეაგირება მოხდეს:
1) გადადგეს ჩხოროწყუს მერი,
2) გადადგეს ჩხოროწყუს მუზეუმის და ამავე დროს, მე-2 სკოლის მასწავლებელი ქალბატონი ნაირა ციმინტია,
3) გადადგეს მე-2 სკოლის დირექტორი ნონა თოდუა,
4) ხელშეკრულება შეუჩერონ და მერია დაატოვებინონ მაკა ჯაფარიძეს, რომელიც ამ ფაქტს “აპრავებდა”,
5) დაისაჯოს ეთერ ჯაფარიძე, რომელმაც წაიყვანა სკოლიდან მოსწავლეები (მერის ახლო ნათესავი),
თუ ხვალ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ზეგ 11:30-ზე ჩხოროწყუს მერიის მიმდებარედ კვლავ განახლდება აქცია და გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება.
სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სკოლის მოსწავლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა, ეუბნებიან რომ მათი სიტყვების გამო, სკოლის დირექტორს დაიჭერენ და ეს დიდი სირცხვილი იქნება, შეცვლილ დამოკიდებულებებს კი სამთავრობო მედიასთან გააჟღერებინებენ.
პ.ს ტყუილად ცდილობთ ამ ფაქტის ჩაფარცხვას არ გამოვა დროულად დასაჯეთ დამნაშავეები.
ეს არ არის მარტო ჩხოროწყუს პრობლემა. აქციაზე ველოდებით ყველა იმ ადამიანს ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა უკეთესი საქართველოსთვის, სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა, რომ მსგავსი მარაზმი არასდროს არ გამეორდეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს.











