რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციის მიზნით, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დასაცავად სტიკერები დააკრეს.

მანძილი მონიშნულ ადგილებს შორის დაახლოებით, ორი მეტრია. აქციაზე მისული მოქალაქე სწორედ ამ სტიკერზე დადგება. ასფალტზე დაკრულ სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია.
„გვექნება დისტანცია, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები. ადამიანები აბსოლუტურად უსაფრთხოდ იქნებიან“, – ამას ამბობდა „პრაიმტაიმნიუსთან“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილიც.

რუსთაველის გამზირი 16:00 საათიდან გადაიკეტა.
აქცია სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” 19:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით, 2 საათს გასტანს.










