„გააჩერეთ!“, „აბა ფულის კეთების დრო დამთავრდაო?“, „შეჩერდეს ამბასადორის მშენებლობა“ – ამ სახის ლოზუნგებით აჭარის განათლების სამინისტროსთან საზოგადოება „ბათუმის“ ინიციატივით ხალხმრავალი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები აჭარის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილისგან ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ მიერ წარმოებული 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებასა და გაცემული ნებართვის კანონიერების შესწავლას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ მშენებლობაზე თანხმობა აჭარის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.
აქციის მონაწილეებმა განათლების მინისტრს საკითხის მოსაგვარებლად პარასკევამდე ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოს მიმართავენ, პარალელურად კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. არ გამორიცხავენ ასევე კარვების გაშლასა და პროტესტის უკიდურეს ფორმებს.
„ვაძლევთ პარასკევამდე დროს, რათა მიიღოს მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება. შემდგომ კი აქტიურად შეისწავლოს აღნიშნული ნებართვის დოკუმენტაცია, სადაც არის კანონდარღვევა სააგენტოს ხელმძღვანელობისა და საბჭოს მხრიდან. დღევანდელი მოთხოვნა არის, პარასკევისთვის შეჩერდეს აღნიშნული გადაწყვეტილება და ამის უფლებამოსილება აქვს მინისტრს, დროებით შეაჩეროს ეს მშენებლობა, სანამ მოხდება დოკუმენტაციის შესწავლა.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნულ საქმეში არის არაერთი კანონდარღვევა, რომლის გამოსწორება შეუძლია მინისტრს. თუ არა, ჩვენ შემდგომ მივმართავთ სასამართლოს და ამავე დროს იგეგმება ფართომასშტაბიანი აქციები“,- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნათია აფაზავამ.
შეგახსენებთ, ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ იანვარში გასცა, რასაც არაერთი ხმაურიანი აქცია მოყვა.
მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ბათუმში 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











