ბათუმში წერეთელის ქუჩაზე, 23-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობის მოვაჭრეებმა მუშაობის უფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, ვინაიდან 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნა იყო დაანონსებული, გარკვეული რაოდენობის პროდუქცია შეიძინეს და ახლა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან საბანკო ვალდებულებებიც გააჩნიათ და შეზღუდვების გამო, შიმშილის პირას არიან.
მოვაჭრეების განცხადებით, ისინი მხოლოდ სამი დღით, წინასაახალწლოდ მუშაობის უფლებას ითხოვენ.
მოვაჭრეები ასევე არათანაბარ პირობებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თუ მოლებსა და სხვა მაღაზიებს მუშაობის უფლება, თვითონაც შეძლებენ რეკომენდაციების სრული დაცვით ვაჭრობას, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ძირითადად მაღაზიებია და შეძლებენ კლიენტთა ნაკადის გაკონტროლებას.
„ჯობია გავიხსნათ, რეგულაციები დავიცვათ და ვიმუშაოთ, ეს სამი დღე მაქსიმალურად რომ გამოვიყენოთ, რათა შევძლოთ ნაწილობრივ ამოსუნთქვა. ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ვართ. ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახებისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. როგორ ვიარსებოთ, ამ საახალწლოდ ჩვენს შვილებსაც ხომ უნდათ საჭმელი. ბევრს ხომ არ ვითხივთ, მხოლოდ სამი დღე მოგვცენ ვაჭრობის უფლება. თუ ლოქდაუნია გამოცხადებული, მაშინ ყველაფერი უნდა იყოს დაკეტილი. მოგვცენ ეს სამი დღე მუშაობის საშუალება“, – აცხადებს აქციის მონაწილე ზვიად ბერიძე.
აქციის მონაწილეებმა მცირე დროით ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, აქციებს გააგრძელებენ და გზის გადაკეტვასაც აანონსებენ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











