ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი თავის წიგნში – „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ წერს, რომ ტრამპს NATO-დან აშშ-ის გაყვანა ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მხარდაჭერის გამო სურდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Handelsblatt-ი ავრცელებს.
ბოლტონის თქმით, ტრამპმა მას ის ტექსტი წაუკითხა, რის თქმასაც ის აპირებდა:
„2019 წლის 1-ლი იანვრისთვის ყველა ქვეყნის კონტრიბუცია თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ის 2%-ს უნდა გაუტოლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავალთ ალიანსიდან და არ დავიცავთ მათ, ვინც არ იხდის. აღარ გვსურს ისეთ ალიანსში ყოფნა, რომლის წევრებიც რუსეთს მილიარდებს უხდიან. ჩვენ გავალთ, თუ ისინი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის პროექტს დაამტკიცებენ“.
ბოლტონის თქმით, მან ტრამპს სთხოვა ალიანსის წევრებისთვის თავდაცვითი ხარჯების გაზრდისკენ მოეწოდებინა და აშშ-ს NATO-დან გასვლით არ დამუქრებოდა.
შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ვაშინგტონის სასამართლოს სარჩელით მიმართა და ბოლტონი შრომითი ხელშეკრულების პირობების აშკარა დარღვევაში დაადანაშაულა.
თუმცა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელის მიუხედავად, ჯონ ბოლტონის მემუარების წიგნი სასამართლომ არ დაბლოკა.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – რა გავიგეთ ჯონ ბოლტონის მემუარებიდან – მთავარი მესიჯები











