დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციაზე დაკავებულების ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
თამარ მელაშვილის თქმით, ბრალდება, რომელიც მის მეუღლეს წაუყენეს აბსურდულია.
„დღევანდელი აქ შეკრების მიზეზი იყო მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა ივერი მელაშვილისთვის. აქციაზე მისი მეზობლები იყვნენ, ვინც ბავშვობიდან იცნობდა და მხარს გვიჭერენ, რა თქმა უნდა იციან, რომ ის უდანაშაულოა. ბევრჯერ ვთქვი, რომ ბრალდება აბსურდულია და ძალიან ბინძური ბრალდებაა, რომელსაც სიმართლესთან საერთოდ არ აქვს კავშირი.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.











