ხმაური იყო დღეს, დილიდან თელავის აგრარულ ბაზართან – სამსახურში მისულ მოვაჭრეებს ობიექტი დაკეტილი დახვდათ.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილება გუშინ, საღამოს მიიღო.
ბაზრის დირექტორის, მერაბ თურქოშვილის განმარტებით, ხელახალი შემოწმება ობიექტის დაკეტვის დროს ჩატარდა აღმოჩნდა, რომ თერმოსკრინინგი არ ტარდებოდა.
„საღამოს შემოვიდნენ და დაგვაჯარიმეს იმის გამო, რომ თერმოსკრინინგი არ ტარდებოდა. ჯერ ჯარიმის რაოდენობა არ ვიცით და არც ის, როდის გავხსნით“, – განაცხადა თურქოშვილმა.
ბაზრის დაკეტვამ, მოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია.
მოვაჭრეები ბაზრის შესასვლელში შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა მოითხოვეს.
„გვაქვს ბანკის ვალები, შიგნით მალფუჭებადი პროდუქტი და რას ვიზამთ არ ვიცით. მოვიდნენ და გვიპასუხონ- განაცხადა ერთ“, – ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
ბაზრის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებთან შესახვედრად, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი მივიდა.
ამ წუთებში ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ბაზრის გახსნის შესახებ, მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











