„ლაშქრობა ამბასადორთან” – ასე უწოდეს აქციის მონაწილეებმა ბათუმის ბულვარში „ამბასადორის” მშენებლობის ადგილზე გამართულ აქციას.
აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარის რეკრეაციულ ზონაში 16-სართულიანი სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძველ ბულვარს გადარჩენა სჭირდება, რადგან ხელისუფლება უგულებელყიფს მოსახლეობის მოთხოვნებს და ინტერესებს.
„ბათუმის ბულვარის ჩაბეტონება გრძელდება. ისევ გვართმევენ მწვანე, საჯარო სივრცეებს. მშენებლობა უნდა შევაჩეროთ ჩვენ. ჩვენ დავიკავებთ იმ სივრცეს, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ და არა კერძო მენაშენეს. თუ ხელისუფლება არ აჩერებს მავნებლურ მშენებლობას და არ იცავს სახალხო ინტერესს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ სივრცე, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და არ მივცემთ უფლება მენაშენეს გაანადგუროს საჯარო საკუთრება. შემოგვიერთდით და დავიწყოთ სახალხო მოძრაობა, რომელიც გადაარჩენს ძველ ბულვარს” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აქციას მუსიკოსებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა “ამბასადორი ბათუმის” მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს.
შეგახსენებთ, ბათუმის ბულვარში “ამბასადორი ბათუმის” 16-სართულიანი სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობაზე თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ იანვარში გასცა. რასაც არაერთი აქცია მოყვა. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა მშენებლობა ისევ მიმდინარეობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











