იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ელჩის მისამართით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება და სოციალურ ქსელში თავის მოსაზრებას აქვეყნებს.
როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ გერმანიის ელჩის სიმართლემ აღაშფოთა.
„ნაციონალური მოძრაობა“ აღშფოთებულია, როგორ გაბედა გერმანიის ელჩმა ბატონმა ჰუბერტ ქნირშმა და როგორ თქვა სიმართლე, რომ 8 მარტის შეთანხმება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს და არა ვინმე რურუას ეხებოდა.
„როგორ მარტივად აეხდება ხოლმე ფარდა ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის “პროდასავლურობას“.
გუშინ დღიდან მოყოლებული ცდილობენ, გერმანიის დისკრედიტაცია მოახდინონ, რომელსაც უდიდესი პოლიტიკურ-სამართლებრივი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.
გერმანიის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებაში, გერმანია მხარდაჭერას გამოხატავს განათლების სფეროში ჩვენი ახალგაზრდებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, დიდია მხარდაჭერა ეკონომიკისა და თავდაცვის მიმართულებით, პანდემიის დროსაც კი არ შეუწყვეტიათ გერმანიას და მის ელჩს საქართველოში სპეციალური ტექნიკით მომარაგება, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში აქტიურად გამოიყენეს ჩვენმა ჯარისკაცებმა.
ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით დამაჯერებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რასაც გვჯერა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი, დემოკრატიულ არჩევნებად შეაფასებენ, უკვე ველოდებით დანაშაულებრივი-ნაც-ორგანიზაციის მიერ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე იერიშის მიტანას და საკუთარი “პროდასავლური“ სახის ბოლომდე გაშიშვლებას“, – წერს ანრი ოხანაშვილი.
დაგაინტერესებთ:
- ვუსამძიმრებ ბატონ ჰუბერტს, თარგმანში დაკარგულს ჰგავს! – გიგა ბოკერია გერმანიის ელჩს აკრიტიკებს
- შალვა ნათელაშვილი გერმანიის ელჩის გაწვევას ითხოვს
- „ნაციონალური მოძრაობა“ ნათელაშვილის მოწოდებას ემიჯნება
- გერმანიის ელჩზე შეტევა ძველი ოპოზიციის უხეში შეცდომაა – თალაკვაძე
- ბოკერია, მისი მეუღლე და სხვა „ნაციონალები“ არიან უკიდურესად გაღიზიანებულები – ირაკლი კობახიძე










