ქუთაისში გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ. ამ მიზნით დღეს ყვავილებით მოვაჭრეებმა აქცია გამართეს.
ისინი ამბობენ, რომ თუკი მერია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, გარემოვაჭრეები პროტესტს გააგრძელებენ.
გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ეკა გრიგოლაშვილმა უპასუხა.
მისი თქმით, გარევაჭრობას საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის დადგენილება არეგულირებს, რაც ნებართვის გარეშე გარევაჭრობას კრძალავს.
„მათ პროტესტს ვერ გავიზიარებ, ჯერ კიდევ წინა პანდემიის პერიოდში ყველა გარემოვაჭრე გაფრთხილებული იყო, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება. მათი გაფრთხილება ახლაც მიმდინარეობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვმოქმედებთ აღნიშნული დადგენილების წესების შესაბამისად. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ისინი არ ემორჩილებიან კანონს“,- აღნიშნა გრიგოლაშვილმა.
ავტორი: კესო მოლაშხია











