23 მაისი – Ryanair-ის თვითმფრინავი (რეისი – FR4978) ათენიდან ვილნიუსში მიფრინავს. ბორტზე 171 მგზავრი იმყოფება. მათ შორის ერთ-ერთი ბელარუსის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, ონლაინ არხის, Nexta-ს ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩია.
დანიშნულების ადგილამდე არმიღწეული რეისი – FR4978-ი ბელარუსის საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის ცენტრისგან ბორტზე არსებული, შესაძლო, საფრთხის (ბომბის) არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს.
თვითმფრინავი ავარიულად მისკში ეშვება. თუმცა, შემოწმებამ თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი ვერ აღმოაჩინა.
თვითმფრინავმა მინსკი ადგილობრივი დროით 20:50 საათზე დატოვა და მინსკში 21:25-ზე დაეშვა.
თუმცა, ერთი გამონაკლისით – მინსკიდან ვილნიუსისკენ მიმავალ თვითმფრინავში ბელარუსის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, Nexta-ს ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი აღარ იმყოფებოდა. ის მინსკში დააკავეს.
ონლაინ არხი Nexta პირველი იყო, ვინც პროტასევიჩის დაკავების ამბავი გაავრცელა. ბელარუსის ოპოზიციონერების თქმით, მინკსში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების ერთადერთი მიზანი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრება იყო.
ბელარუსის სახელმწიფო მედია აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ლუკაშენკომ მინსკში თვითმფრინავის დაშვების ბრძანება პირადად, ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო, გასცა.
Flightradar24-ი, სადაც თვითმფრინავების გადაადგილება ლაივ რეჟიმში ჩანს, აჩვენებს, რომ როდესაც FR4978-მა ბორტზე არსებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღო, ვილნიუსთან უფრო ახლოს იმყოფებოდა, ვიდრე მინსკთან.

Ryanair-ის მგზავრები ამბობენ, რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რატომ იცვალა გეზი თვითმფრინავმა მინსკისკენ.
„პროტასევიჩი ძალიან შეშინებული იყო. მე მას თვალებში შევხედე, ის ძალიან ნაღვლიანი ჩანდა“,- ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.
„ის ხალხისკენ მობრუნდა და თქვა მე აქ სიკვდილით დასჯა მელის“,- უთხრა AFP-ს მონიკა სიმკიენემ, რომელიც ბორტზე ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად იმყოფებოდა.
„მე აქ სიკვდილით დასჯა მელის“ – მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი დააკავეს
|რა ვიცით 26 წლის ჟურნალისტზე, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა თვითფრინავიდან გაიტაცა
პროტასევიჩი ონლაინ არხის, Nexta-ს, რომელიც Telegram-ის აპლიკაციაზეა დაფუძნებული, დამაარსებელი და მისი ყოფილი რედაქტორია. Nexta-ს 1 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.
Nexta ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. კერძოდ, არხმა 2020 წელს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციების გაშუქებაში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

Nexta მონაწილეობას იღებდა საპროტესტო აქციების კოორდინაციის პროცესშიც. სწორედ არხის მიერ გადაღებული კადრები გამოიყენა საერთაშორისო მედიამ, რომელიც პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევას ასახავდა. ამ პერიოდში ხელისუფლება უცხოური მედიის მუშაობას საკმაოდ ზღუდავდა.
ნოემბერში პროტასევიჩმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე ბელარუსი ტერორისტების ოფიციალური დოკუმენტაციის ასლი გამოაქვეყნა, სადაც მისი სახელიც ფიგურირებდა. როგორც აღმოჩნდა, ბელარუსის მთავარმა უსაფრთხოების სააგენტომ, სახელწოდებით K.G.B-მ, პროტასევიჩი ტერორისტების სიაში შეიყვანა.
Я ОФИЦИАЛЬНО ПРИЗНАН ТЕРРОРИСТОМ
Да, это не шутка. КГБ Беларуси внёс меня в список террористов. Теперь моя фамилия стоит в одном списке с ребятами из ИГИЛ. pic.twitter.com/k74wdaT1lR
— Roman Protasevich (@pr0tez) November 19, 2020
სიაში ნათქვამი იყო, რომ პროტასევიჩს ბრალი მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ედებოდა, რომელიც Nexta- ში მუშაობის დროს ხდებოდა. მას ასევე ბრალი ედება სოციალური წესრიგის დარღვევასა და სოციალური სიძულვილის გაღვივებაში.
თავად პროტასევიჩი ბრალდებებს გაუმართლებელ პოლიტიკურ რეპრესიებად მიიჩნევს.
Media Solidarity-ის ინფორმაციით, რომელიც ბელარუსელ ჟურნალისტებს მხარს უჭერს, პროტასევიჩმა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო 2019 წელს მშობლები პოლონეთში გადაიყვანა. მოგვიანებით, ის საცხოვრებლად ვილნიუსში გადავიდა, სადაც ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაიაც იმყოფება.
პროტასევიჩი ამჟამად გამოცემის „Belarus of the Brain“-ის რედაქტორია, რომელსაც უამრავი გამომწერი ჰყავს.
პროტასევიჩის ათენში ყოფნის მიზეზი საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია იყო, რომელსაც ის სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან ერთად დაესწრო. მან კონფერენციის ამსახველი ფოტო მასალა გაფრენამდე სოციალურ ქსელ Twitter-ზეც გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავების ყურადღება პროტასევიჩმა ჯერ კიდევ მოზარდობაში მიიპყრო. კერძოდ, 2011 წელს ის პრესტიჟული სკოლიდან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო გამოაგდეს, შემდეგ კი ის მინსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამიდან გარიცხეს.
|რა სახის სასჯელი ემუქრება პროტასევიჩს?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბელარუსის მთავარი უსაფრთხოების სააგენტოს, სახელწოდებით K.G.B-ს მიერ, პროტასევიჩი ტერორისტების სიაშია შეყვანილი. თუ მას ტერორიზმში დაადანაშაულებენ და მის ბრალეულობას დაამტკიცებენ, პროტასევიჩს სიკვდილით დასჯა ემუქრება.
საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევა და სიძულვილის წახალისება, ბელარუსში 12 წელზე მეტით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ლიეტუვის პროკურატურამ Ryanair- ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
მომზადებულია BBC-ის, Reuters-ისა და NY Time-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge











