ლიეტუვის პროკურატურამ Ryanair- ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ლიეტუვის გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიება მოიცავს ისეთ ბრალდებებს როგორებიცაა: თვითმფრინავის ტერორიზმის მიზნით გატაცება და ადამიანთა მიმართ საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით მოპყრობა.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავის რამდენიმე მგზავრს პოლიციისთვის ჩვენების მიცემა ქვეყანაში ჩაფრენისთანავე მოუწიათ.
ცნობისთვის, Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და რომელშიც ბელარუსის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა, ავარიულად მინსკში დაეშვა.
ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ბორტზე არსებული საფრთხე იყო. თუმცა, თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
თვითმფრინავის დაფრენისთანავე მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.











