მეხუთე თვეა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, მოვაჭრეები საკვირაო ბაზრის გახსნას ითხოვენ.
დღეს, ამ მოთხოვნით, მოვაჭრეების ნაწილი, ბაზრის ტერიტორიაზე შეიკრიბა.
ბაზარში დასაქმებულები ამბობენ, რომ ვაჭრობის აღდგენის თხოვნით, ადმინისტრაციისთვის მრავალჯერადად მიმართვის მიუხედავად, ობიექტი დღემდე დახურულია.
„უკვე ბევრჯერ მივმართეთ ადმინისტრაციას. გვპირდებოდნენ, რომ საკითხი მოგვარდება. პანდემიის გამო, ისედაც ათასი პრობლემა გვაქვს. ოჯახებს ამ გზით ვინახავთ. სხვა სამუშაო აქ სად არის. ვაჭრობით ვირჩენთ თავს . ჩვენ ვითხოვთ, რომ რეგულაციის შესაბამისად, არამალფუჭებადი პროდუქტის გაყიდვის უფლება მოგვცენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
შეკრებილ მოვაჭრეებს, ბაზრის დირექტორმა უპასუხა.
მარიკა ოსკანოვის განმარტებით, ვაჭრობის შეფერხება, კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.
„შეფერხება მოხდა პანდემიის გამო, როცა ყველა ბაზარი ერთდროულად დაიკეტა. გარდა ამისა, ბაზარი, ახლად დაგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. დაახლოებით ორ – სამ კვირაში სარეაბილიტაციო სამუშაო დაიწყება და შესაძლებლობა იქნება ბაზარში ვაჭრობა აღვადგინოთ“, – განაცხადა ოსკანოვამ.
ბოდბის ხევის ისტორიულ ბაზარს, 16 წელია, რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











