ახალქალაქში სიტუაცია სტაბილურია, დაცულია საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მაოდგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომელიც ახალქალაქში გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩავიდა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მკვლელობის საქმეზე ერთი პირი უკვე დაკავებულია.
„ახალქალაქში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1983წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდეგ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში და ახალქალაქში ჯგუფურ ძალადობას მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება. ამავე საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. ხედავთ, ვითარება სტაბილურია, პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. დაშავებულია რამდენიმე პირი და ამ მიმართულებითაც გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ცნობისთვის, ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს.











