სახელმწიფოს კორონავირუსის მართვის რესურსი აქვს, ეპიდემიოლოგიური ვითარება არც ისეთი მძიმეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ადამია აცხადებს.
მისი განმარტებით, გარკვეული მედიასაშუალებები ძაბავენ არსებულ ფონს, თუმცა, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
„ზოგადად, გარკვეული ვნებათაღელვა შეინიშნება მედიასაშუალებებში ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად. არის მცდელობა, დაძაბონ ქვეყანაში არსებული ფონი. ეს არის ძალიან ცუდი, ვინაიდან ვითარება არ არის ისეთი მძიმე, როგორც შეიძლება ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დასახოს და ასეთ დროს პირიქით, გამოვიწვიოთ პანიკა მოსახლეობაში, რისი საფუძველიც რეალურად არ არსებობს. ჯანდაცვის სისტემა სავსებით მზად არის ამ პროცესის სამართავად.
ქვეყანაში 44 კლინიკაა მომზადებული როგორც ცხელების, ასევე „კოვიდის“ შემთხვევების სამართავად. მომზადებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და ისინი ბინაზე ონლაინრეჟიმში მართავენ პაციენტებს. ამდენად, ამ ეტაპისთვის პროცესი სრულიად მართულია, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. პირიქით, ეს ემსახურება მეტი დაძაბულობის შექმნას, პაციენტების დაშინებას და შიშის დათესვას მოსახლეობაში, რაც კარგ შედეგს არავის მოუტანს. სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ამ პროცესს და მართოს „კოვიდი“ მთელს ქვეყანაში,“ – განაცხადა ადამიამ.








