ეროვნული ლიგის თამაშებზე გულშემატკივარს დასწრების საშუალება ექნება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კობიაშვილმა განმარტა, რომ უახლოეს მომავალში ეროვნული ლიგის თამაშებზე გულშემატკივრების დასწრება იგეგმება. ამის მიზეზი კი აკრძალვის მიუხედავად, ქომაგების ვიწრო წრეში შეკრებაა. სფფ-ს პრეზიდენტის თქმით, გულშემატკივრები სტადიონს მიღმა მაინც იკრიბებიან, რაც მისი შეფასებით არასასურველია.
„თვეზე მეტია, რაც ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა მაყურებლების გარეშე. ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტულია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ეტაპობრივად გარკვეული შეზღუდვების მოხსნა. დღეს ვისაუბრე სტადიონებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ალბათ ნანახი გაქვთ კადრები, როცა სტადიონებს მიღმა ადამიანები იკრიბებიან ვიწრო სივრცეში და ეს ნამდვილად არ არის სასურველი. შესაბამისად, დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვების საკითხი,“ – განაცხადა კობიაშვილმა.
კობიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე პროცედურულ საკითხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეულ გულშემატკივარს სტადიონზე შესვლის შემდეგ ყველა რეკომენდაციის და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევს.
„სასიხარულოა, რომ უკვე მომდევნო დღეებში პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვების საკითხი. ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს არ მოხდება ქაოსურად. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება დისტანციის დაცვა და გულშემატკივრების რაოდენობა განისაზღვრება სტადიონების ტევადობის მიხედვით. ანუ, ყველა ერთ ადგილზე არ იქნება თავშეყრილი“, – განმარტა ლევან კობიაშვილმა.











