საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოქალაქეებს სვეტიცხოვლის ტაძრიდან დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც ყველას ერთად აერთიანებს, ერთიანობა კი ამ „განსაცდელის ჟამს“ ყველაზე მნიშნველოვანია.
„თითოეული საქართველოს მოქალაქეს ვულოცავ სვეტიცხოვლობას. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული. ეს არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც გვაერთიანებს ყველას ერთად. ამ ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ერთად ვიბრძვით და დარწმუნებული ვარ ერთად გავიმარჯვებთ – საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია, მთავრობა. ამ ერთიანობით შეგვიძლია დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერიც, როგორიც არის ვირუსი. ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ. პირველ რიგში მინდა სვეტიცხოვლობა მივულოცო უწმინდესს და თითოეულ თქვენგანს. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები და ქვეყნის გამთლიანება“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა. სვეტიცხოველში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.











