„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი, შეზღუდვების შემოღებას ეხმიანება. მისი თქმით, შეზღუდვები შემოიღო ბიძინა ივანიშვილმა და ეს განკარგულება არ გამოუცია პარლამენტს, შესაბამისად, ის ვერ აღიქმება სერიოზულად და კანონიერად.
ნადირაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ, აქციაზე, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, რის გამოც მათ პასუხი უნდა აგონ.
„კომენდანტის საათის შემოღებას აქვს თავისი გაწერილი წესები, ამას სჭირდება პრეზიდენტის განკარგულება და სჭირდება პარლამენტის თანხმობა. ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ყველა ინსტიტუტი გააუქმა, არ სჭირდება არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი, მან გადაწყვიტა, რომ როცა მოუნდება გამოაცხადოს კომენდანტის საათი და შემდეგ როცა ეს მოუნდება, გააუქმოს.
რა თქმა უნდა, შეზღუდვების დაწესება ხდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გეგმების შესაბამისად და ამიტომ, ასეთი ტიპის კომენდანტის საათი ვერ აღიქმება სერიოზულად, ეს არ არის კანონის დაცვით შერჩეული შეზღუდვითი ღონისძიება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და კობახიძეების ხუშტურზე გამოცემული შეზღუდვა და შესაბამისად, ის რაც არ არის კანონიერი, ვერ ჩაითვლება კანონის დარღვევად.
რაც შეეხება ჯარიმებს და დამოკიდებულებას ახალგაზრდების მიმართ, ეს იყო ქმედება ინსტიტუტის, რომელიც მოწოდებულია არა საკუთარი მოქალაქეების დაცვისა და ქვეყანაში წესრიგის დამყარებისკენ, არამედ ეს იყო ქმედება ინსტიტუტის, რომლის მიზანი და მოტივი არის ერთადერთი, დაიცვას ბიძინა ივანიშვილის სიმშვიდე.
ჩვენ ვნახეთ, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს და ეს აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი, დღეს თუ არა ხვალ, პოლიციელებმა, რომლებმაც სცემეს ახალგაზრდები, უნდა აგონ პასუხი, რაც შეეხება აქტივისტების დაკავებას, ესეც იყო პოლიციელების კანონს მიღმა ქმედება“,-განაცხადა ნადირაშვილმა.











