მორიგ ჯერზე დაანონსებული დაბრუნების შემდეგ, აპირებს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას და რამდენად რეალურია „ნაცმოძრაობის“ მიერ ბრალდებული სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება – ამ საკითხებზე „პრაიმტაიმნიუსი“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, ექსპრეზიდენტის განცხადება, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, არადამაჯერებელია და შულერულ, ანუ ყალთაბანდურ თამაშს ემსახურება.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არადამაჯერებელია, რადგან საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მას პირველად არ განუცხადებია. ის ყოველი არჩევნების წინ ბრუნდება საქართველოში. ხელისუფლება მის განცხადებებს თავის სასარგებლოდ იყენებს, ჩვენ კი ამ იწილო-ბიწილოში ვცხოვრობთ.
ეს არის შულერული თამაში, ერთი ამბობს, რომ მოვდივარ და არ მოდის, მე ამბობს, რომ მივდივარ და არ მიდის“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთან, როგორც ხუხაშვილი აცხადებს, „ნაციონალურ მოცმოძრაობას“ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის უფლება არ აქვს.
„რანაირად უნდა იყოს „ნაცმოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი?! მასზე სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და არ არის საქართველოს მოქალაქე, ანუ სრული ქაოსი და იდიოტიზმია, ამაზე კომენტარები როგორ ვაკეთო.
სააკაშვილს ჰყავს საკუთარი ელექტორატი, ამ ელექტორატში ის არის მამა-მარჩენალი, ღმერთი, ხატება და ყველაფერი.
„ნაცმოძრაობაში“ არიან ღრმად მორწმუნეები და შედარებით უფრო ნაკლებად მორწმუნეები. ყველა სექტაში ასე ხდება, მათ შორის, „ქართულ ოცნებაშიც“, ოღონდ ამ პარტიაში ბიძინა ივანიშვილი არის მამა ღმერთი და მარჩენალი.
ჩვენ პოლიტიკურ კი არა, რელიგიების დაპირისპირების პროცესში ვართ. არსებობს ორი რელიგია – მიშიზმი და ბიძინიზმი, ორივე ამტკიცებს, რომ მეორე რელიგია ცრუა. მე თეოლოგი არ ვარ, რომ ღრმად მორწმუნე მრევლი ჩემი კომენტარებით შევაწუხო“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ოქტომბრის არჩევნებამდე 2 თვით ადრე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება დააანონსა და განაცხადა, რომ ის ქართულ პოლიტიკაშ აქტიურად ჩაერთვება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










