პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არსებულ უთანხმოებას ეხმაურება. როგორც ხუხაშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებში არაბუნებრივი არაფერია.
„პარტიას თვითონ უნდა ჰქონდეს საკუთარი ამბიცია და შესაბამისად, ოპოზიციური ერთიანობა თვითმიზანი არ უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ მათ შორის ფუნდამენტალური განსხვავებებია – ფასეულობითი სისტემა იქნება თუ ხედვები.
ხელოვნური გაერთიანებები, ბუნებრივია, დიდხანს ისედაც ვერ გაატანს, ამიტომ ისინი არიან, პირველ რიგში, ერთმანეთის კონკურენტები და არა პარტნიორები. ეს არის ბუნებრივი პროცესი და ასეც უნდა იყოს. ყველა ერთის წინააღმდეგ, ასეთი ნეგატიური გზავნილით არჩევნებზე წასვლა მიმაჩნია არასწორად და არაკონსტრუქციულად“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა დატოვეს. როგორც ცნობილია, დანარჩენი ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებზე ვერ თანხმდება.










