ევროკავშირი ამთავრებს ბელარუსში ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალი, უკვე მეოთხე პაკეტის მომზადებას. როგორც DW იუწყება, ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.
“ბელორუსში რეჟიმი განაგრძობს მოქალაქეების რეპრესირებას და დაშინებას. ახლა იგი დევნის პოლონეთის საზოგადოებას. ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მომდევნო პაკეტზე, რომელიც, იმედი მაქვს, მიღებულ იქნება უახლოეს კვირებში“, – განაცხადა ბორელმა. მისი თქმით, მეოთხე პაკეტი გაითვალისწინებს ”ყველაფერს, რაც ხდება ქვეყანაში”, მათ შორის პოლონური უმცირესობის დევნას.
ბორელმა ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის მომზადების შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში გამოაცხადა.სანქციების მეოთხე პაკეტის ხანგრძლივი მომზადება მან იმით ახსნა, რომ ბრიუსელმა უნდა შეისწავლოს რამდენად ეფექტურია უკვე დაწესებული სანქციები.











