“ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გეგმავენ, მიმართონ დასავლელ პარტნიორებს, რათა მმართველ გუნდს მიეცეს საშუალება, საჯაროდ ისაუბრონ მოლაპარაკების დეტალებზე. მისი განცხადებით, ოპოზიცია ამ პირობას დიდი ხანია, არღვევს და ამ გზით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს
„მართლაც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვართ. ვფიქრობთ, მოგვიწევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან საუბარი, რომ გადაიხედოს დღის წესრიგი და ბოლობოლო, მოგვეცეს მოლაპარაკების დეტალებზე საუბრის საშუალება. ჩვენ პატიოსნად ვიცავთ პირობას და ამ თემების დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ. ასე შეუძლებელია, რადგან ერთი მხარე ამ პირობას არღვევს, ტყუილ-მართალს ერთმანეთში ურევს. მათი მხრიდან, საზოგადოებას კონტექსტიდან მოგლეჯილი ინფორმაციები ნაწილ-ნაწილ მიეწოდება.
სჯობს, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. ჩემი პირადი აზრი იყო, რომ ვიდრე მოლაპარაკებების შანსი რჩება, დეტალებზე არ გვესაუბრა, ვფიქრობ, რომ საჯაროდ საუბრის საშუალება უნდა გვქონდეს. ვფიქრობ, მომდევნო დღეებში, მეტი საუბრის საშუალება მოგვეცემა“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.











