ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ევროკავშირის მიერ რეკომენდირებულ 15 უსაფრთხო ქვეყნისთვის საზღვრების გახსნა დაიწყო.
აღნიშნულ 15 „ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო“ ქვეყანაში საქართველოც შედის.
დღეს, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის: გერმანიამ და ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარები გახსნა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შეეხება ევროკავშირის არაწევრ 11 ქვეყანას, მათ შორის: ავსტრალიას, საქართველოს, იაპონიას, კანადას, მონტენეგროს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვაისა და ჩინეთს.
როგორც ესპანური გამოცემა, Schengenvisainfo News წერს, საქართველოს გარდა, ესპანეთის საზღვრები გაიხსნება ალჟირის, ავსტრალიის, კანადის, იაპონიის, მონტენეგროს, ახალი ზელანდიის, რუანდას, სერბეთის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეებისთვის.
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საზღვრის გახსნაზე, ჯერჯერობით უარი თქვეს შემდეგმა ქვეყნებმა: იტალია, ავსტრია, ჩეხეთი.
იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ წერს, იტალია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს არ გაუხსნის. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, „კოვიდ-19“-ის ეპიდსიტუაცია მსოფლიოში ჯერ კიდევ რთულია და იტალიელების მიერ პანდემიის გამო გაღებულმა მსხვერპლმა ტყუილად არ უნდა ჩაიაროს.
ასევე, ჩეხეთმა გამოაქვეყნა ქვეყნების სია, რომლებსაც გაუხსნის საზღვრებს და ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს 30 სექტემბრამდე არ გახსნის ავსტრია. საელჩოს მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ავსტრიაში შესვლა შეუძლია მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბინადრობის უფლება აქვთ.
ცნობისთვის, 30 ივნისს ევროსაბჭომ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.











