“გააპროტესტე ცეკვით შეზღუდვები! იცეკვე თავისუფლებისთვის!”- ამ სახელწოდებით აჭარის მთავრობის სახლთან ე. წ. “თავისუფლების კვარტალში” ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და თბილისის პარალელურად შეზღუდვების მოხსნა ბათუმშიც მოითხოვეს.
“კომენდანტის საათი ყველაზე მეტად გვიშლის ხელს. დავემორჩილეთ რეგულაციებს, მაგრამ აღარ შეგვიძლია, დაგვიბრუნონ ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრება და სამუშაოები. აქ ძირითადად სარესტორნე ბიზნესში ჩართული ადამიანები ვართ” – ამბობს დიჯეი გიორგი ლიპარტელიანი.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია აცხადებს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო სამსახურისა და შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადამიანების ნაწილი პროტესტის ყველაზე ლამაზი ფორმით, ცეკვით, გამოხატავენ დღეს თავიანთ პოზიციას.
” პანდემიის გამო დაწესებული მართაც მავნებლური რეგულაციების წინააღმდეგ თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს სპონტანურად დაგეგმილ ამ აქცია- პერფორმანსში მონაწილეობს, აქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, იმ მმართველობასთან, რომელმაც უმძიმეს დღეში ჩააგდო თითოეული მათგანი. ესენი არიან რესტორატორები, ბარების მეპატრონეები, სხვადასხვა დაწესებულების მეპატრონეები, დიჯეები, ბარმენები, მიმტანები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც უმუშევრად არიან დარჩენილი. მე ვფიქრობ ცეკვა, მუსიკა არის პროტესტის ყველაზე ადექვატური და ლამაზი ფორმა. თუმცა ეს პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა. აქ მოსულ ადამიანებს ვთავაზობთ გლინტვეინს, ბევრ და კარგ მუსიკას და ამ ფორმით პროტესტის გამოხატვას.
ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და მიიღებს პერმანენტულ სახეს. რამდენად რეგულარული და ხშირი იქნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად გამოხატავენ მოქალაქეები პროტესტს”, – აცხადებს ირაკლი ჩხვირკია.
აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას არ გეგმავენ და კომენდანტის საათის დასრულებამდე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











