„ფუნქციონალური პარლამენტის გარეშე, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან დროს ძალიან ბევრს დაკარგავს“, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში გამარჯვებული არც ერთი მხარე არ არის.
„ლიეტუვას ნამდვილად უყვარს საქართველო, ამიტომ თითქმის გაბრაზებულიც კი ვარ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ჩემი დასკვნა მარტივია – ამ სიტუაციაში გამარჯვებული არ იქნება. არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტია გამარჯვებული არ იქნება. ფუნქციონალური პარლამენტის გარეშე, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან დროს ძალიან ბევრს დაკარგავს. საერთაშორისო მედიაში მიმდინარეობს დისკუსიები საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის შესაძლო მინიჭების შესახებ, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს შესაძლებლობა, 2024 წელს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების ფორმალური განაცხადი გააკეთოს. ყველა ეს შესაძლებლობა საფრთხეშია, თუ დიალოგში შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, – განაცხადა კუბილიუსმა.
ანდრიუს კუბილიუსი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებასაც გამოეხმურა.
„პირველ რიგში, მინდა მივმართო მმართველ გუნდს, რომელსაც გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აქვს ვიდრე სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ნამდვილად შოკირებული ვარ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გუშინდელი პროვოკაციული განცხადების გამო, რომ ახალი პარლამენტის და მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავარ ოპოზიციურ პარტიას დაშლიან. ეს არის ავტორიტარული პრაქტიკა, როდესაც ოპოზიციას ემუქრები. ეს არ არის დიალოგის გზა, ეს არის დიალოგისა და საჭირო რეფორმების განადგურების გზა. მოვუწოდებ მმართველ პარტიას, უარი თქვას ასეთ პროვოკაციაზე. ასევე მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეხედონ სერბეთის მაგალითს, სადაც მმართველმა პარტიამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ოპოზიციასთან და მაშინ მან არჩევნების გამართვა არა 2024 წელს, არამედ 2022 წელს გადაწყვიტა“,- განაცხადა კუბილიუსმა.
ცნობისთვის, დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.











