პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ადვოკატის, დალი ბარბაქაძის განცხადებით, ჩოფანაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა.
„გაათავისუფლეს, რადგან სრულად მოიხადა სასჯელი. 3 წელი ჰქონდა მისჯილი. მისი გათავისუფლება 25 დეკემბერს მოხდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრის ლიკვიდაცია მოხდა, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.
სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი შოაიფ ბორზიევი დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.











