ოკუპირებული გაგრის მიდამოებში გაჩენილი ტყის ხანძარი ფსოუ – ენგურის გზატკეცილზე გადმოვიდა,- ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა “მოსკოვის“ სანატორიუმის მიდამოებში. ცეცხლის ზოლი ავტომაგისტრალის გასწვრივ 4 კმ-ზე იყო მოდებული. ასევე, იყო საშიშროება დამწვარიყო სანატოტოუმი და ხის კოტეჯები.
სანატორიუმის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
“მოსკოვის“ სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ხანძარმა კლდე ჩამოშალა. გაგრის შესასვლელთან მდებარე რესპუბლიკური მაგისტრალი უზარმაზარი ლოდებით იყო სავსე. საგზაო პოლიციამ მოაწყო მანქანების საპირისპირო გადაადგილება და საგზაო სამსახურებმა ქვები და ნამსხვრევები გაწმინდეს.
ამ დროისთვის, მდგომარეობა სტაბილურია. მეხანძრეები სიტუაციას აკვირდებიან.
“აგსნიპრესის“ ცნობით, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. ხანძრების კერები შეინიშნება მთის ტყის სარტყელში.
ავტორი: თეა შონია










