პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შსს-ს მოვალეობა სასჯელის აღსრულების გარდაუვლობაა, რაც მისივე თქმით, მალე დადგება.
„მაშინ ჩემი დავალება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლი არ დაღვრილიყო. ესაა ჩემი მოვალეობა, ისევე როგორც შსს-ს მოვალეობაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სასჯელის გარდაუვალობა აღსრულებული იყოს და მერწმუნეთ, რომ შსს ამ დავალებას შეასრულებს.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“, 21 ოქტომბერს შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
შსს-ს ცნობით, თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. მძევლების გათავისუფლება უშუალოდ, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით მოხერხდა.
დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.











