ისრაელის სახელმწიფო პროკურორი აანონსებს ბრალდებების წაყენებას გალ ჰირშისთვის, რომლის კანდიდატურა განიხილებოდა პოლიციის უფროსის თანამდებობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს.
საქმის მასალებში ფიგურირებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ერთ-ერთი პოტენციური ბრალდებული კი კეზერაშვილის ახლო ნათესავია.
ყოფილ გენერალს და მის 3 პარტნიორს კომპანიაში „დამცავი ფარი“ ედავებიან საქართველოსთან თავდაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას.

სამშაბათს საგადასახადო და ფინანსური დანაშაულის სახელმწიფო პროკურატურამ შეატყობინა გალ ჰირშს (ისრაელის თავდაცვის გადამდგარი გენერალი და ყოფილი კანდიდატი პოლიციის კომისრის თანამდებობაზე), რომ იგეგმება მისთვის და კიდევ 3 პირისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენება მოსმენების დაწყებამდე.
ეს ბრალდებები ეხება საგადასახადო დანაშაულებებს, რომელთაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა 2007-2009 წლებში.
სახელმწიფო პროკურორის თქმით, ხსენებული პირები (ჰირში, ოდედ შახნაი, იანივ ადამი და მიხაელ ბენიმინი) იყვნენ პარტნიორები კომპანიაში „დამცავი ფარი“, რომელიც თავდაცვის სფეროში კონსულტაციებით და სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფდა საქართველოს, ასევე შუამდგომლობდა საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 2007-2009 წლებში კომპანია მსგავს მომსახურებას უწევდა სხვა ქვეყნებსაც.
პროკურატურის თანახმად, ხსენებულმა პირებმა შემოსავლების სახით მიღეს 40 მილიონი შეკელი (11,5 მილიონი დოლარი), თუმცა არ განუცხადეს ამის შესახებ საგადასახადო უწყებას.
სახელმწიფო პროკურორი აცხადებს, რომ ოთხმა ბიზნესპარტნიორმა ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და გერნზიში შექმნა კომპანიების და საბანკო ანგარიშების მთელი ქსელი, რომელსაც ისინი იყენებდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან თანხების მისაღებად, რის შემდეგაც ისინი იყოფდნენ თანხებს, მაგრამ უმალავდნენ შემოსავლებს ისრაელის საგადასახადო უწყებას.
სახელმწიფო პროკურორის თანახმად, „2007-2009 წელს ოდედ შახნაიმ არ მიუთითა თავის დეკლარაციაში, სულ მცირე, 19,5 შეკელის ოდენობის შემოსავლების შესახებ. თაღლითური სქემის გამოყენებით საგადასახადო ინსპექციის მოტყუების მიზნით, მისი შემოსავლები გადაირიცხა მის პირად საბანკო ანგარიშებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, ჯერსიში და შვეიცარიაში“.
შახნაის ასევე ბრალად ედება გერნზიში Fortis Bank-ის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, თითქოს მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების წყაროს არ წარმოადგენდა იარაღით ვაჭრობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ჰირშს ბრალად ედება 2008 წელს დეკლარაციაში 6,1 მილიონი შეკელის (1,7 მილიონი დოლარი) ოდენობის შემოსავლების გაუცხადებლობა. 2009 წელს კი მან 3,3 მილიონი შეკელის (950 000 დოლარი) ოდენობის პირადი შემოსავლები შვეიცარიაში გახსნილი საიდუმლო საბანკო ანგარიშიდან, სავარაუდოდ, გადაურიცხა კომპანიას Gal Hirsch Ltd ისრაელში. შემდეგ ამ კომპანიამ, სავარაუდოდ, გამოწერა ინვოისები უცხოური კომპანიის სახელზე, რომელიც აკონტროლებდა ხსენებულ საბანკო ანგარიშს შვეიცარიაში. ისრაელის სახელმწიფო პროკურორის თანახმად, ეს ინვოისები გაყალბებულია.
მიხაელ ბენიმინის ბრალად ედება საგადასახადო უწყებისთვის 13,6 მილიონი შეკელის (3,9 მილიონი დოლარი) ოდენობის შემოსავლების გაუცხადებლობა, ხოლო იანივ ადამს ბრალად ედება 3,8 მილიონი შეკელის (1,1 მილიონი დოლარი) ოდენობის შემოსავლების დამალვა.
ჰირში არის პარტია „ლიკუდის“ წევრი პოლიტიკოსი და ამ პარტიის აქტივისტების ფავორიტი კანდიდატი პოლიციის უფროსის თანამდებობაზე.
ბენიმინი არის საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავი. ბოლო პერიოდში ბენიმინის საქმიანობა მოიცავდა ალბანეთში ბინარული ოპციების და კრიპტოვალუტის ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელობას.
იანივ ადამი მუშაობს მენეჯერად. იგი არის ცნობილი ისრაელელი მომღერლის, ომერ ადამის მამა.











