შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე-1987 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს. ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.დ. ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ ბრალდებულისგან 195 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელა.
ამასთან ერთად, გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.დ. გეგმავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტადონის” საქართველოში შემოტანას. თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მისაბმელიანი ავტომანქანის ჩხრეკისას, მ.დ.-ს კუთვნილი ტვირთის – მარილის ტომრების შემოწმების დროს, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1171 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.


“წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს” – წერია განცხადებაში.
მოსამართლის განჩინების მიხედვით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, საქმეში გარეული, მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით, ამ დროისთვის, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.










