ახლა რომ გითხრათ, ამ ტერიტორიაზე ჩამოშლის საფრთხე არაა, ნამდვილად არ ვიქნები მართალი. არცერთი ექსპერტი არ ამბობს, რომ ჩამოშლის საფრთხე გამორიცხულია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მოსახლეობის ინფორმირებისა და დამშვიდების მიზნით შემიძლია ვთქვა, რომ აქ გამოუვალი მდგომარეობა არ გვაქვს. გაცილებით დიდი მასშტაბის მეწყრები ახსოვს ჩვენს ქალაქს და ყოველთვის ტარდებოდა ეფექტური ღონისძიებები. მაგალითად, გუშინ გამთენიისას წყნეთი-ბაგების მონაკვეთზე გარკვეული მოცულობის მიწა დაიძრა და დღეს ღამით იქ პრევენციული ღონისძიებები გატარდება. შესაძლოა, ხვალ დღის განმავლობაში გარკვეული დროით მოძრაობის გადაკეტვაც გახდეს საჭირო, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ხვალ გავავრცელებთ. დღეის მდგომარეობით და პირველივე წუთიდან აქ მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, რომელზეც სამუშაო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ეს არის სპეციალური სისტემა, რომელიც აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. მომდევნო კვირის ბოლომდე ეს სისტემა სრულად ჩამოვა და დამონტაჟდება“, – განაცხადა ბენდელიანმა.











