შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.
საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში დემოკრატიის მაღალი ხარისხის დაცვას.
მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული სამართალდამრღვევი პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად,“- განაცხადა ვლადიმერ ბოცვაძემ.











