„ძალიან გთხოვთ, ნუ დავპანიკდებით“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ინდურ შტამზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოშიც დაფიქსირდა.
„ძალიან გთხოვთ, ნუ დავპანიკდებით. პანდემიის პერიოდში კორონავირუსმა ბევრი მუტაცია განიცადა. ბრაზილიურ, სამხრეთ აფრიკულ, ბრიტანულ, ინდურ და კიდევ რამდენიმე სხვა შტამზე მეტი დაკვირვება მიმდინარეობს.
დადასტურებულია, რომ ბრიტანული შტამი შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოსახლეობაში. დაახლოებით ამ ტიპის გახლავთ ინდური შტამიც.
ინდოეთში, როდესაც მდგომარეობა საყურადღებო გახდა, იქ წამყვანი მაინც ბრიტანული შტამი იყო და არა ინდური. თუმცა, ხვედრითი წილი თვითონ ინდურისაც დიდი იყო“,- განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, შტამების იდენტიფიცირებისთვის სპეციფიური პისიარ ტესტები და გენომის სეკვენირება გამოიყენება:
„ინდური შტამისა და სხვა შტამების დასადგენად ჩვენ გვაქვს სპეციფიური პისიარ ტესტები, რომლებიც მოწოდებულია ჩვენი პარტნიორებისგან. თუმცა, საბოლოოდ მათი დიაგნოსტირება ხდება გენომის სეკვენირებით“.











