დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაუარესებულია ყველა ის მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს.
“მხედველობაში მაქვს ინციდენტობა, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევები, 7, 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ კარგი დინამიკა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედი, მაგრამ ტენდენცია გამოჩნდა გაუარესებისკენ. განსაკუთრებით დღეს, გვაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 673 და ქვეყანაში ჩატარებულია 31 ათასამდე ტესტი. ამ ფონზე 673 ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია”, – თქვა გამყრელიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ თუ რეგულაციებზე კონტროლი არ გამკაცრდება, შეიძლება, სავალალო შედეგები დადგეს.











