„საქართველო COVAX პლატფორმიდან 700 ათასამდე Novavax-ისა და 130 000-მდე Johnson&Johnson-ის ვაქცინებს მიიღებს“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საუბრობს.
მისი თქმით, მესამე კვარტალში ქვეყანას ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა ექნება.
„უკვე დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა დაახლოებით ნახევარ მილიონ დოზა Sinopharm-ს მიიღებს. ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია, Pfizer-ის, დაახლოებით, 1 000 000 დოზის მიღება და, ასევე, დაახლოებით, მე-3 კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა, დაახლოებით, 700 000 Novavax-ის და დაახლოებით 130 000-მდე Johnson&Johnson-ის მოწოდება.
მესამე კვარტალში ქვეყანას ექნება საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების მარაგებისა და მესამე კვარტალში განსაზღვრულია ინტენსიური აცრები, როცა დღეში უნდა აიცრას 15-16 ათასი ადამიანი და ამისთვის ქვეყანა ემზადება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად. დღეს 130-მდე დაწესებულებაა ჩართული აცრების პროცესში, 240-ზე მეტი ამცრელი“,- აცხადებს გამყრელიძე.











