დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, შემოდგომაზე კორონავირუსს გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციაც დაერთოს.
„კორონავირუსული ინფექციაც გახლავთ რესპირაციული ინფექცია თავისი კლასიკური ბუნებით. ალბათ, ნოემბერში ამას გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციაც დაერთვება. ძალიან ბევრი კლინიკური მსგავსება აქვთ, თუმცა გამოცდილ ექიმს შეუძლია, რომ კლინიკურად დიფერენცირება გააკეთოს, მაგრამ საბოლოო დიფერენცირება ლაბორატორიულად ხდება. რესპირაციულ სეზონზე მომართვიანობა ყოველთვის იზრდება და ალბათ, წელსაც გაიზრდება.
ის, რასაც დღეს კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ვაკეთებთ, მაგალითად, პირბადეს ატარებთ, დისტანციას იცავთ, ხელებს ხშირად იმუშავებთ, ზუსტად იგივე პრევენციული ღონისძიებებია გრიპთან მიმართებითაც. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, ამან სასიკეთოდ იმოქმედოს და გრიპი წელს შედარებით ნაკლებად დამაზიანებელი ეფექტით იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.











