ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხი უფრო და უფრო აქტიურდება. ვიდრე ჭყონდიდის ყოფილ მმართველთან დაკავშირებით, წმინდა სინოდი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „პრაიმტაიმთან“ ვარაუდობს, რომ მეუფე პეტრე, დიდი ალბათობით, ეკლესიიდან განიკვეთება, რაც მისი თქმით, „კანონზომიერი“ გადაწყვეტილება იქნება.
თეოლოგი აცხადებს, რომ განკვეთის შემთხვევაში, სინოდის წევრები მეუფე პეტრეს გვირგვინს დაადგამენ, ხოლო საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანენ.
„მეუფე პეტრეს განკვეთას სინოდისგან და საპატრიარქოსგან, რომელიც როგორც წესი, შურისმაძიებლობით გამოირჩევა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ და განსაკუთრებით, მამხილებელთა, კრიტიკოსთა მისამართით, არ გამოვრიცხავ.
ასევე ნახეთ: Exclusive: წმინდა სინოდის ყველა წევრი მეუფე პეტრეს განკვეთას მხარს დაუჭერს – მეუფე დიმიტრი
თუმცა მინდა გითხრათ, რომ თეოლოგები და საეკლესიო სამართლის სპეციალისტები ამას, რა თქმა უნდა, არ წავუყრუებთ და ჩვენ საკმაოდ კომპეტენტურ და კვალიფიციურ დასკვნას დავდებთ, რომ – როგორც პირველი მსჯავრი იყო უკანონო, ისე მეორე იქნება საბოლოო ჯამში სხვადასხვა მღვდელმთავრებისთვის მომავლის პერსპექტივაში ძალიან მძიმე მათი პასუხისმგებლობისათვის.
მეტიც, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთას არა თუ გამოვრიცხავ, ძალიან ჩვეულებრივი და კანონზომიერი მგონია ასეთი ყაიდის რუსეთთან ასოცირებული პრაქტიკულად, რეზიდენტურისა და ემისრების მიერ მეუფე პეტერს მიმართ გამოტანილი განაჩენის ალბათობა.
რადგან სწორადაც, რომ ასეთი ადამიანებისთვის არის აუტანელი სიმართლე, ჭეშმარიტება. განკვეთის შემთხვევაში, სულიერი თვალსაზრისით, მეუფე პეტერს მხოლოდ გვირგვინს თუ დაადგამს, თორემ საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანენ“,- განაცხადა ტიგინაშვილმა.
თეოლოგი მიიჩნევს, რომ მეუფე პეტრეს სინოდის სხდომაზე სოდომური ცოდვის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის საშუალება უნდა მიეცეს.
„იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევა ჩატრდება და საეკლესიო სასამართლო გაიმართება, მზად ვარ, რომ გამოვცხადდე იმ ადამიანებთან ერთად და მე ვიყო ამ შემთხვევაში, მოდერატორი. საეკლესიო სასამართლომ უნდა მოუსმინოს იმ დაზარალებულ პირებს, რომელთაც საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური და სულიერი ტრამვა მიიღეს“,- განაცხადა ტიგინაშვილმა.
ინფორმაციისთვის, როდის გაიმართება საპატრიარქოს სხდომა, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ არის ცნობილი, კათალიკოს-პატრიარქს სხდომის მოწვევის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











