„სამართალდამცველების ძალისხმევით გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 10 პროცენტით შემცირდა, მათ შორის ყაჩაღობა -42%, გამოძალვა -34%, ძარცვა -25%, ქურდობა -12%, მკვლელობის მცდელობა -5%, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეულ დანაშაულებზე მატება გვაქვს, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას მიეწოდება.
„რაც შეეხება 2020 წლის დანაშაულის სტატისტიკას, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით.
რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5 პროცენტით, მკვლელობამ 11 პროცენტით იმატა, რაც 7 – ერთეულით მეტია. იცით რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა. აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ:
• ყაჩაღობა -42%;
• გამოძალვა -34%;
• ძარცვა -25% ;
• ქურდობა -12%;
• შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%;
• მკვლელობის მცდელობა -5%;
თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია,“ – განაცხადა გომელაურმა.











