საინფორმაციო სააგენტო „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გერმანიის საელჩოს განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა ჟურნალისტი გერმანიის ელჩის მისამართით მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.
გთავაზობთ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადების ნაწილს:
„გაკვირვებას იწვევს ფაქტი, რომ თქვენ მიმართ ჩვენი ინტერესის გაზრდა მხოლოდ 8 მარტის შეთანხმებაზე გაკეთებული ბოლო განცხადების შემდეგ შენიშნეთ. ინტერესი შარშან გაიზარდა, მას მერე, რაც ხელისუფლებამ 20 ივნისის დარბევის გასამართლებლად თქვენი გამოყენება სცადა. ეს ინტერესი კიდევ უფრო გაღვივდა მას შემდეგ, რაც თქვენი განმარტებები ვიხილეთ, გერმანიაში რუსეთის მიერ მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით, სადაც თქვით, რომ პროკურატურა გარდაცვლილს ციტირებდა.
ტაბულას სხვა მედიებისგან ის გამოარჩევს, რომ შეცდომის გამოსწორებას არ აყოვნებს. ათწლიანი არსებობის განმავლობაში ამის რამდენიმე პრეცედენტი არსებობს. გაუგებარია თქვენი პრეტენზია „უჩუმრად გასწორებასთან“ დაკავშირებით მაშინ, როცა სტანდარტი გულისხმობს უზუსტობის აღმოფხვრას იქ, სადაც ის დაუშვეს.
გიდასტურებთ, რომ ჩვენ კვლავინდებურად ასე გვესმის თქვენი განცხადების სულისკვეთება – ამართლებთ ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებას პარლამენტის ბლოკირებისას და ამ მიმართულებით პროგრესს უწონებთ.
თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ თქვენი პასუხი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლეოდა, გასწორდა იქვე, სადაც გამოქვეყნდა და ჩანაცვლდა თქვენივე ზუსტი ციტირებით, რომ მკითხველისთვის “თარგმანში დაკარგვის” სივრცე მოგვესპო, ზუსტად ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს.
არ გვიჭირს ბოდიშის მოხდა, როდესაც მივიჩნევთ, რომ შეცდომა დავუშვით, მაგრამ ამ შემთხვევაში ვთვლით, რომ თქვენი განცხადების სულიკვეთება და შინაარსი სწორად გვესმის.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას და გამოვხატავთ გულწრფელ სურვილს, ნათელი პასუხი მივიღოთ ზემოაღნიშნულ საკითხებზე, რისთვისაც გთავაზობთ ჩვენს პლატფორმას.
პატივისცემით,
თამარ ჩერგოლეიშვილი, ტაბულას მთავარი რედაქტორი“, – ნათქვამია განცხადებაში.
თამარ ჩერგოლეიშვილის სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
გერმანიის საელჩოს ცნობით, „ტაბულა“ წერს, თითქოს გასული წლის ერთ-ერთ ინტერვიუში ელჩი ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო, სინამდვილეში ელჩმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელი შეიძლება გახდეს, მაგრამ პროპორციული უნდა იყოს.
როგორც წერილშია აღნიშნული, „ტაბულას“ მიერ გავრცელებული არასწორი გამონათქვამი სხვა ქართულმა მედიასაშუალებებმა გამოიყენეს და გაავრცელეს.











