კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ყველა მოსაზრება განიხილება, საჭიროა შემდგომი კვლევები,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
გებრეიესუსის განცხადებით, WHO-სა და ჩინეთის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
„წევრ ქვეყნებთან განხილვის შემდეგ, ეს დოკუმენტი საჯარო იქნება და ჯანმოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. გასაჯაროების შემდეგ საერთაშორისო ექსპერტები პრესკონფერენციას გამართავენ. ვირუსის წარმოშობის შესახებ ყველა ვერსია განიხილება. საჭიროა შემდგომი კვლევები“,- განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს Associated Press-მა მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რომ WHO-სა და ჩინეთის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის მიხედვით, სავარაუდოა ვერსია, რომ კორონავირუსი ღამურებისგან ჯერ სხვა ცხოველს გადაედო, შემდეგ კი ადამიანებში გავრცელდა. ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია „ნაკლებად სავარაუდოა“.











