კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ 12000 – 12000 ლარით დააჯარიმა.
სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიებმა გაფრთხილების მიუხედავად, ვერ უზრუნველყვეს ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამოსწორება.
სააგენტომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 18 იანვარს ტაძრის დასავლეთი მკლავზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვა დაზიანდა.
დროებით სამუშაოებს ტაძარზე კომპანია „ბაგინეთი +“ განახორციელებს. სამუშაოების წარმართვას კი სააგენტოს ინფორმაციით, ფინანსურად სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები უზრუნველყოფენ, თუმცა, ვინ იქნებიან ეს კომპანიები, უცნობია.
სააგენტოს ცნობით, ტაძარზე დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყო და დღეს დასრულდება. გელათის მონასტერში წყალი სახურავის რეაბილიტაციის დასრულებიდან ერთ თვეში ჩავიდა.
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.
ავტორი: კესო მოლაშხია











